რა ფუნქცია აქვს მედიას დღეს? არსებობს არაერთი თეორია და მიმართულება, რომელიც ჟურნალისტიკას განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. თუმცა, ოპერატიულობა, ობიექტურობა და ბალანსი მთავარ კრიტერიუმებად რჩება. ინფორმაციის გავრცელების საშუალებები ყოველდღიურად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციას უფრო ამარტივებს. მას შემდეგ, რაც ონლაინ მედიამ ჟურნალისტიკაში თავისი ადგილი დაიკავა, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების წყაროდ, თანამედროვე ონლაინ პლატფორმები რჩება. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ონლაინ მედია რეკლამისთვისაც მომგებიანი სივრცე გახდა. კომერციული თუ სახელმწიფო უწყებები გამომცემლობებთან სხვადასხვა პიარ კამპანიების და სარეკლამო ინტერესების გასატარებლად თანამშრომლობენ. ატარებს თუ არა გამოცემა პოლიტიკურ ინტერესებს, მაშინ როდესაც ის ბიუჯეტიდან ფინანსდება?- ეს არის კითხვა, რომელიც ონლაინ მედიის მიმართ შეიძლება დაისვას. |
რას ნიშნავს საბიუჯეტო დაფინანსება? მედიაში დამკვიდრებული პრაქტიკით, სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ სააგენტოებისგან სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურება შეისყიდონ. საჯარო სტრუქტურები მედიასაშუალებებთან ან შუამავალ კომპანიებთან აფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სააგენტო იღებს ვალდებულებას, გაავრცელოს კონკრეტული უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. |
როგორ მუშაობს ეს პრინციპი საქართველოში? მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით 2017 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, მედია საშუალებებთან 6 800 535 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს. ამ თანხიდან თითქმის 2 მილიონი ონლაინ მედიაზე დაიხარჯა. კონტრაქტებში ყველა სააგენტოს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თანხის დანარჩენი ნაწილი კი შემდეგმა მედია ორგანიზიაციებმა მიიღეს: |
განასხვავებენ თუ არა სააგენტოები დაფინანსებულ და სარედაქციო მასალებს ერთმანეთისგან? ამ მხრივ მედიაში არაერთგვაროვანი პრაქტიკაა, არ არსებობს ნორმა, რომელიც ონლაინ მედიას ავალდებულებს სარეკლამო შინაარსის მასალის გავრცელება დაარეგულიროს. თუმცა, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ მოითხოვს, რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე იყოს გასაგები, სპეციალურ ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გარეშე. ასევე აღსანიშნავია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპი, რომლის მიხედვითაც სარედაქციო მასალები მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. |